вторник, 24 мая 2011 г.

აპოლიტიკური შეხედულებები

    სიტყვა ,,მოქალაქეობა" მიტივტივდება ხოლმე თავში შიგადაშიგ. ეგრევე ჩემი სუსტად გამოხატული მოქალაქეობრიობის განცდა და აპოლიტიკურობა მახსენდება. ნორმალურად ვერც ვაყალიბებ რას ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვა. არც გავუზრდივარ ვინმეს მოქალაქედ. ალბათ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები მოიაზრება, არა? მოკლედ, ასე ჩემით ვცდილობ განმარტებას და ქცევაში გატარებას.
    ამ დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების (ეჰეჰე კურიერი) გავლენით გამახსენდა ,,მოქალაქეობა". განსაკუთრებით მაშინ როცა საღორედ ქცეულ თავისუფლების მოედანზე გავიარე ავტობუსით. ბოთლები, ცელოფნის პარკები, ნაგავი, ნაგავი, ნაგავი.
    ვინ ქნა? ჩვენ!
   ,,ჩვენ" მხოლოდ ,,მე"-ს მრავლობითი ფორმა არაა! ეს დიურკემმა და კიდევ უამრავმა ჩვენზე ჭკვიანმა თქვა, იკვლია, დაადასტურა, გამოხატა. ამ შემთხვევაში ჩვენ-ში ქართველებს ვგულისხმობ. რამდენმა დაისტატუსა, გაიფიქრა, დაიყვირა, ჩაიმღერა აქედან გაქცევის სურვილი... გიყურებთ პოლიტიკური შეხედულებები ფეისბუქის ინფოში ან ცარიელია ან ფრუსტრირებული ან გაუგებარი.
    ზოგადად კი, ჩემი დაკვირვებით ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური აქტიობის მიხედვით ადამიანები იყოფა სამ კატეგორიად: პოზიცია, ოპოზიცია და დანარჩენები. დანარჩენებში, როგორც ადრე ნინო ბურჯანაძე გვიწოდებდა, ,,ჩვეულებრივი ადამიანები" მოვიაზრებით (თვითონ ხომ არაჩვეულებრივები არიან!).  ,,ჩვეულებრივი ადამიანები" ,,ჩვენმხრივ" იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები დავიარებით - დავიარებით გატენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც მუდმივი აქციების გამო შემოვლით მოძრაობს. ზოგი ალბათ ჩამოდის ავტობუსიდან... ოპოზიციისგან მოგდებულ 10 ლარს, რამე უტოპიურ იმედს, ან ხელისუფლების მხრიდან სოციალური შეღავათების პაკეტს დახამებული! ამ ყველაფერს აუცილებლად სდევს თან ცემა-ტყეპა-გინება-ფურთხება-დაბინძურებულ-დაფსმული ქუჩები. ერთი-ორი მანიპულატორი აუცილებლად ახსენებს ,,პიდარასტებს" (მნიშვნელობა მაინც იცოდნენ, ან რა შუაშია საერთოდ?), ღვთის სახელიც გაიჟღერებს, იეღოველობას ან/და ურწმუნოებასაც დასწამებენ ვინმეს (მაინც რელიგიით პამპულობანა კარგად ჭრის). მერე ეს ვიდეოები ,,შეარდება", და ყველა არხზე სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ტრიალებს საათში ერთხელ. გამოჩნდება ვინმე უბედური გლეხკაცი, ვინმე ,,გია", ან გლეხქალი სიტყვაზე ,,მანანა", რომლებიც აქციაზე შემთხვევითმოხვედრილების კატეგორიაში ჩაჯდებიან. მერე ჩვენ ყველანი ვიცინებთ ბიომეტრულ პასპორტებზე. არაეთიკურია, მაგრამ როგორც წესი არაეთიკური და მკრეხელური რამეებია ხოლმე ყველაზე სასაცილო.
     მე - პასიურად გაბრაზებული, აპოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქე გვერდიდან დავაკვირდები. გატენილ ავტობუსში ავხოხდები. ისევ შემოვლითი გზით წავალ... მერე ცხელ წყალში ფეხებჩაწყობილი ასე და ამგვარად გამოვთქვამ ჩემს არცისეკარგად ჩამოყალიბებულ აზრს.

пятница, 13 мая 2011 г.

ნაწილი პირველი

    ჩვენ 
   ომგამოვლილი, შევარდნაძენახული, პოსტსაბჭოთა, პოსტინდუსტრიული, საშუალო სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე თაობა ვართ! 
    
     უკვირთ რატომ ვართ დეპრესიულები, აპათიურები, არაადაპტურები. ასაკს აბრალებენ. ჰეჰ... არაეფექტური მიდგომა აქვთ მშობლებს!
    ერთმანეთს ვხვდებით ვიტუალურ სამყაროში და უფასო ღონისძიებებზე, სადაც უხვად ვისხამთ იაფფასიან ალკოჰოლს (რასაც გამოიმეტებენ) და კბილისსაჩიჩქნზე წამოცმულ სასუსნავებს. 

     საშუალოზე დაბალი განათლება მივიღეთ საშუალო სკოლებში და უმაღლესშიც არც ისე მაღალი სტანდარტები დაგვახვედრეს.... მაინც ვაკრიტიკებთ. ვხვდებით როგორ გვატყუებენ და იმიტომ!

     კონკრეტულ მუსიკას ვუსმენთ, კონკრეტულ ლინკებს ვაშეარლაიქებთ, კონკრეტული გემოვნება გვაქვს.
     ქართულ ღირებულებებს (ცუდი გაგებით) ქართულ კაი კაცობას, ძველბიჭობას, ქალიშვილური მენტალიტეტს, საერთოდ კვერცხუჯრედულ აზროვნებას, სპერმატოზოიდულ გამოხტომებს ვგმობთ.  
   
     ბევრ რამეს ვგმობთ და ვუკადრისობთ! ერთხმად ვაღიარებთ პრობლემების არსებობას. და ერთსულოვნად ვუმოქმედობთ. სხვა რა გზა გვაქვს? 
     
     ეს ზოგადი ტენდენციები.
      
     მე
     
     მე რა? 
     მეც ანალოგიურად: ძონძები, მენტალმასტურბაცია, არც ისე რეალიზირებული, საშუალოდ განათლებული, საშუალოზე უფრო გაბრაზებული, საკმაოდ მარტოდმყოფი, ვიტენი თავს არასაჭირო ინფორმაციით, ვიკვებები მეორადი ემოციებით. მოწყენილობისგან თავის დასაღწევად მივართავ თვით-გამოხატვას და იაფფასიანი ხრიკებით ვიმკვიდრებ თავს ზემოთუკვეაღნიშნულ საზოგადოებაში. მეზარება ვიყო ,,ინძი" და განსხვავებული, მაგრამ მაშინებს ბანძობა. ვცდილობ ძალიან გამორჩეულებში ჩემი უბრალოობით არ გამოვირჩეოდე. ასეა საჭირო!
    მოცემულ მომენტში ფეხმორთხმული და ხელდაუბანელი ვზივარ ეკრანთან. ახალშემოსწრებული ვირტუალობას, რომელშიც რეალურად არაფერი ხდება. 
    დღითი დღე ვხდები უფრო გულახდილი და საკუთარ თავს ვეკითხები რამდენად ნორმალური და მომგებიანია ეს მიდგომა?!
    ვუგულებელყოფ სასვენ ნიშნებს და საერთოდ არასერიოზულად ვარ განწყობილი!